რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სკოლის მოსწავლეები გოგონას აგინებდნენ და აფურთხებდნენ – პაველი უკრაინელ გოგონას შეხვდა

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი და უკრაინელი გოგონა

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი შეხვდა უკრაინელ გოგონას, რომელიც ექსკურსიის დროს თანაკლასელებმა დაჩაგრეს

მანამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ გოგონას თანაკლასელები ჩაგრავდნენ და აბუჩად იგდებდნენ. ვიდეოში ჩანს, რომ სკოლის მოსწავლეები გოგონას აგინებდნენ და აფურთხებდნენ.

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით,  ის მკაცრად ეწინააღმდეგება ჩაგვრის, შეურაცხყოფისა და ძალადობის ყველა შემთხვევას სკოლებში, მაგრამ მიიჩნევს, რომ მსგავსი ქცევა განსაკუთრებით სამარცხვინოა, როდესაც ის მიზნად ისახავს ომის გამო იძულებით გადაადგილებული ბავშვის ჩაგვრას. პაველმა გოგონასთან ერთად სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.

"მე ვგმობ ჩაგვრის, შეურაცხყოფისა და ძალადობის ყველა შემთხვევას სკოლებში, თუმცა ის განსაკუთრებით სამარცხვინოა, როდესაც საქმე ეხება ბავშვს, რომელსაც ომის გამო იძულებით მოუწია საკუთარი სამშობლოსა და მეგობრების დატოვება, და რომელსაც ჩვენ თავშესაფარი შევთავაზეთ." - წერს პაველი.

ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ის აფასებს, რომ სკოლამ და მშობლებმა საკითხი განიხილეს და დამნაშავეებმა გოგონას ბოდიში მოუხადეს. თუმცა, მისივე თქმით, "მის სულს ნაიარევი დარჩება".

მომხდარს ჩეხეთის განათლების მინისტრი, მიკულაშ ბეკიც გამოეხმაურა და დაწერა, რომ ნებისმიერი ფორმის ბულინგი მიუღებელია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუშანმა თქვა, რომ უკრაინელი ბავშვისთვის სახეში შეფურთხება მთელი ცივილიზაციისთვის სახეში შეფურთხებაა.

"ბავშვები უბრალოდ ჰბაძავენ ჩვენს ქცევას. და ისინი ნათლად აჩვენებენ, რამდენად ბოროტი და სულელური შეიძლება იყოს ეს ქცევა." - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები