რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი: კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება რუსეთის აგრესიის ახალი ეტაპია

ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება რუსეთის აგრესიის ახალი ეტაპია.

"ამით რუსეთი ღიად აცხადებს თავის ნამდვილ მიზანს – უკრაინის განადგურებას, უკრაინელების მკვლელობას, ეკონომიკის განადგურებას და მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრუქტურების განადგურებას". – დაწერა დანილოვმა Facebook-ზე.

რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე. 

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ადგენენ, რომელი რაიონებია დატბორვის საფრთხის პირისპირ. მობილიზებულია პოლიცია და გადაუდებელ ვითარებათა სამსახური. მისივე თქმით, სახიფათო რაიონებიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვისაც. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომარაგებისთვისაც.

კომენტარები