რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი კაშხლის აფეთქებაზე: ეს არის დანაშაული და უგუნურობა

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი Twitter-ზე რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას გამოეხმაურა. 

"მე ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში კაშხლის განადგურებას. ეს არის დანაშაული და უგუნურობა". – წერს პეიჩინოვიჩ-ბურიჩი. 

რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე. 

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ადგენენ, რომელი რაიონებია დატბორვის საფრთხის პირისპირ. მობილიზებულია პოლიცია და გადაუდებელ ვითარებათა სამსახური. მისივე თქმით, სახიფათო რაიონებიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვისაც. წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომარაგებისთვისაც.

კომენტარები