რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული მოხალისეთა კორპუსი და გლადკოვი ტყვეებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ

კადრი РДК-ს მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ ხვალ, 17:00-18:00-ის შუალედში შებეკინოში რუსული მოხალისეთა კორპუსის (РДК) წევრებს შეხვდება, თუ რუსი სამხედრო ტყვეები ცოცხლები არიან. გლადკოვმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ტყვეები დახოცეს.

РДК გლადკოვს შეხვედრას ნოვი ტავოლჟანკაში სთავაზობდა.

აქამდე РДК-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჯგუფის ლიდერი, ლეგიონი თავისუფალი რუსეთის მეთაურთან ერთად გლადკოვს შეხვედრას და აყვანილი ტყვეების გაცვალს სთავაზობდა. კადრებში ორი რუსი ტყვეც ჩანდა. РДК-ს ლიდერის, დენის კაპუსტინის (ნიკიტინი) თქმით, მათ დიალოგის სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ .

РДК-ს შეთავაზებას საკუთარუ პრესსამსახურის მეშვეობით გამოეხმაურა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი. მან დენის კაპუსტინს ტყვეების დასაბრუნებლად ვაგნერის მაღალი რანგის წარმომადგენლის გაგზავნა შესთავაზა. მან ასევე გააკრიტიკა გლადკოვის სიტყვები, რომ ტყვეები, შესაძლოა, უკვე დახოცეს. პრიგოჟინის თქმით, რუსეთს თავდაცვის სამინისტრო არ გააჩნია.

ამ ყველაფრის შემდეგ, РДК-სა და რუსეთის თავისუფლების ლიდერებმა ახალი ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც თქვეს: "როგორც ველოდით, ბატონმა გლადკოვმა არ ჩათვალა საჭიროდ, ვერ გამონახა გამბედაობა და ძვირფასი დრო, როგორც თავად თქვა "ჩვენი ბიჭების" სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის".

რუსეთის თავისუფლების მეთაურმა მიმართვაში აღნიშნა, რომ მსგავსი ტყვეები მალე შეიძლება "გადავიდნენ მათ რიგებში, ვინც რუსეთს გაათავისუფლებს".

მათ ასევე აღნიშნეს, რომ დატყვევებული რუსი სამხედროების რიცხვი იზრდება. ამას გარდა, კაპუსტინმა შეაქო პრიგოჟინის გამოხმაურება. მისივე თქმით, რადგან გლადკოვი, ოლქის გუბერნატორი სიტუაციას ვერ აკონტროლებს, მიმართავენ მათ, ვინც მოსკოვში იღებს გადაწყვეტილებებს.

კაპუსტინის თქმით, ტყვეებს უკრაინელ სამხედროებს გადასცემენ.

უკვე რამდენიმე კვირაა რაც პროუკრაინული ჯგუფები - რუსული მოხალისეთა კორპუსი და ლეგიონი რუსეთის თავისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში შედიან და საბრძოლო მოქმედებებს ატარებენ. პირველი მსგავსი შემთხვევა 2 მარტს მოხდა.

 

კომენტარები