ქართული ოცნება

ოცნება: უნდა დავიცვათ ინსტიტუტი მაშინაც კი, როცა მას საფრთხეს თავად პრეზიდენტი უქმნის

ქართული ოცნება

ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მმართველ პარტიას პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, სწორედ ამიტომ, ქართული ოცნება "მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, გამოეხმაუროს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს".

"2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩვენ მხარი დავუჭირეთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას სწორედ იმ მოლოდინით, რომ ის სათანადოდ შეასრულებდა ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას საპარლამენტო მმართველობის სისტემაში. მივიჩნიეთ, რომ უპარტიო ქალბატონი, რომელიც იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელოვანი მოღვაწეების შთამომავალი და ამით განასახიერებდა კავშირს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიასა და თანამედროვე საქართველოს შორის, იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი ამ მისიისათვის. თუმცა, სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია და უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მან მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ.

2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევისას, ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ განუმარტა საკუთარი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში მხარდაჭერის მიუხედავად, მას არ უნდა ჰქონოდა არავითარი ვალდებულება მმართველი პარტიის წინაშე. ქართული ოცნება ამ მიდგომას სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების დღიდან სრულად იცავდა და დღემდე იცავს. აქედან ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისას, ჩვენი ერთადერთი მიზანი საპარლამენტო მმართველობის სისტემაში საქართველოს პრეზიდენტის ზეპარტიული ინსტიტუტის სათანადოდ დამკვიდრება იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მხრივ ხელი არ შევუწყოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება. ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კარგავს ლეგიტიმაციას საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელმაც მას 2018 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი და ვერც საზოგადოების იმ ნაწილში იძენს ლეგიტიმაციას, რომელიც მას 2018 წელს მოღალატედ და რეზიდენტად აცხადებდა, ჩვენი ვალია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწადნახევრის განმავლობაში შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამითაც არის ნაკარნახევი ჩვენი გადაწყვეტილება, არ შევიდეთ პოლემიკაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან.

ჩვენი ვალია, დარჩენილი წელიწადნახევარი ზურაბიშვილს თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია შევუნარჩუნოთ, ამიტომ არ შევალთ მასთანმ პოლემიკაში მასთან

დასასრულს, გამოვთქვამთ იმედს, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა. ქართული ოცნება მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს". – ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.

26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მან ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიერ საზოგადოებაში შიშის გაღვივების მცდელობასა და ანტიდასავლურ პროპაგანდას.

კომენტარები