რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კითხვები მაქვს" – ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი
ფოტო არქივიდან/ბელგოროდის ოლქის პრესსამსახური

VKontakte-ს სატელევიზიო ეთერში ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, რომ სასაზღვრო რაიონებზე შეიარაღებული ჯგუფის თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კითხვები აქვს.

ერთ-ერთმა მაყურებელმა გლადკოვს პირდაპირ ეთერში კითხა, თუ რატომ არ შეუძლია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საზღვრის დაცვის გაძლიერება. 

"გეთანხმები, თქვენზე მეტი კითხვა მაქვს თავდაცვის სამინისტროსთან. ამიტომ კომენტარის გაკეთება არ მინდა, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები დაშვებული შეცდომებიდან. ბელგოროდის რეგიონის მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის მთავარი ამოცანა, რომელიც ყველა სამართალდამცავმა უწყებამ უნდა შეასრულოს". – თქვა გლადკოვმა. 

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.

22 მაისს პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, გაანადგურეს 70-ზე მეტი დივერსანტი. როგორც ირწმუნებიან, "კონტრტერორისტული ოპერაციის" ფარგლებში, ავიაციის, არტილერიისა და დამატებითი სამხედრო ძალების მეშვეობით, გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს "ნაციონალისტების" ჯგუფები, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლო, მათი მიმართულებით გააგრძელეს სროლა, "სრულ ლიკვიდაციამდე".

კომენტარები