ჩუტყვავილას შემთხვევების მატება

ჩხაიძე ჩუტყვავილაზე: აფეთქება გვაქვს – იანვრის შემდეგ 3 000-ზე მეტი შემთხვევა აღვრიცხეთ

IPN

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, იანვრის შემდეგ ჩუტყვავილათი ინფიცირების 3 118 დადასტურებული შემთხვევა აღრიცხეს. მისი თქმით, თუ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება, შესაძლოა, მაჩვენებელი წლის ბოლომდე ათიათას შემთხვევამდე ავიდეს.

ივანე ჩხაიძის განმარტებით,  ჩუტყვავილას ერთი თვისება, ციკლურობა აქვს და ყოველ 2-5 წელიწადში ერთხელ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში შემთხვევები იმატებს.  როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ყველაზე მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო ათ წელიწადში 2018 წელს იყო, როდესაც ქვეყანაში 10 196 შემთხვევა დაფიქსირდა. 

"წელს გვაქვს ასევე აფეთქება, ზუსტად 5 წლის შემდეგ 2018 წლიდან და 4 თვეში, იანვრიდან დაწყებული აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში გვქონდა 3 118 დადასტურებული შემთხვევა ჩუტყვავილასი. შესაბამისად, თუ ეს ტენდენციაც გაგრძელდა, 2023 წელიც იქნება ასევე ამ მხრივ გამორჩეული და გვექნება, ალბათ, ათიათასამდე შემთხვევა წლის განმავლობაში. 2018 წლის შემდეგ, წელს არის ისე პერიოდი, როდესაც შემთხვევების ძალიან მკვეთრი მატება გვაქვს. 2-3-ჯერ მეტი, ვიდრე სხვა წლებში აღინიშნება".- თქვა ჩხაიძემ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განმარტა,  ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ქვეყანამ უნივერსალურად ჩაატაროს ჩუტყვავილას ვაქცინაცია. მანვე ისაუბრა წითელას ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ ახლა საგანგაშო მაჩვენებელია და რიცხვები შემცირებულია. 

"ერთი წლის ასაკში წითელას ვაქცინით მოცვის მაჩვენებელი 2019 წელს გვქონდა 100 პროცენტი. მეორე ვაქცინა 5 წლის ასაკში - 97 პროცენტს ჰქონდა. ბოლო ოთხი წელია, წითელათი არავინ გარდაცვლილა. ახლა  ჩამოვედით პირველი მაჩენებლიდან 90 პროცენტზე. ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს მეორე ვაქცინით მოცვასთან დაკავშირებით, 78%-ია მეორე ვაქცინაციის მაჩვენებელი. ციფრობრივად, ეს არის 10 000 აუცრელი ბავშვი ქვეყანაში. ანუ, 5 წლის ასაკის მოსახლეობაში 10 000 აუცრელი ბავშვია. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ამ ბავშვების მშობლებმა სწრაფად არ გაიაზრეს, თუ რა რისკი შეიძლება მოჰყვეს ამას, 10 ათასი არავაქცინირებული ბავშვი დაგვიბრუნდება მძიმე გართულებად, ენცეფალიტად, ფილტვების ანთებად. სერიოზული შემთხვევების რისკი ძალიან მაღალია".- განაცხადა ჩხაიძემ. 

კომენტარები