ტრეფიკინგი

პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"საქართველოს პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდში განთავსებული დასაქმების ერთ-ერთი სააგენტო ტაილანდის 3 მოქალაქეს ბათუმში, სილამაზის სალონში მასაჟისტის პოზიციაზე დასაქმებას დაჰპირდა. დაზარალებულებს თბილისის აეროპორტში როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დახვდა და ბათუმის ნაცვლად, დაზარალებულები მოტყუებით ზესტაფონში ჩაიყვანა, ისინი მის დროებით სარგებლობაში არსებულ სახლში მოათავსა, პასპორტები ჩამოართვა და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ბრალდებული მუქარითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურება გაეწიათ. ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს კი ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა". - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებულს პროკურატურამ ბრალდება ტრეფიკინგის ფაქტზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახით, 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები