რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პირველი ლედი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შეხვდა

ოლენა ზელენსკა
Jacob King/Pool via REUTERS

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ოლენა ზელენსკა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, იუნ სუკ იოლს უკრაინის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის რანგში შეხვდა.

უკრაინის პირველი ლედი სამხრეთ კორეას მედია კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სტუმრობს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, შეხვედრისას ზელენსკამ აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეისგან არალეტალური სამხედრო აღჭურვილობის მიღების იმედი აქვს. თავის მხრივ, პრეზიდენტმაც დაადასტურა, რომ სამხრეთ კორეა უკრაინელ ხალხს აქტიურად დაეხმარება.

ახალი ამბების სააგენტო Yonhap-თან ინტერვიუში ზელენსკამ იუნის უკრაინაში მიწვევის სურვილი გამოთქვა და დასძინა, რომ მსგავსი ვიზიტი უკრაინელებისთვის "მეტად მხარდამჭერი" იქნება.

უკრაინის პირველმა ლედიმ ომისგან გადაღლის რისკზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა არათუ უნდა შესუსტდეს, არამედ "უფრო საფუძვლიანი" უნდა გახდეს. 

სამხრეთ კორეას, რომელიც საარტილერიო ჭურვების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია, რუსეთთან არსებული ურთიერთობის გაუარესება არ სურს, ამიტომ უკრაინას ლეტალური იარაღით არ ეხმარება.

თუმცა, გასულ თვეში Reuters-თან ინტერვიუში იუნ სუკ იოლმა აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქეებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის, ან ისეთი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოებას პასუხისმგებლობის აღება მოუწევს, მისი მთავრობა მხოლოდ ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით არ შემოიფარგლება.

კომენტარები