რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

13 მაისს ბრიანსკში ჯამში 2 ვერტმფრენი და 2 გამანადგურებელი ჩამოვარდა - რუსული მედია

რუსული ავიაგამანადგურებელი Су-35 ბელარუსში, ბრესტის ბაზაზე მონაწილეობს რუსეთი-ბელარუსის ერთობლივ წვრთნებში. 2022, თებერვალი.
mil.ru

რუსული სამთავრობო მედია Lenta.ru ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქში გასულ დღეს, 13 მაისს რუსეთის კოსმოსურმა-საჰაერო ძალებმა ერთი ავიაჯგუფი, ანუ 2 ვერტმფრენი და 2 ავიაგამანადგურებელი დაკარგა.

ამ ცნობის მიხედვით, ჩამოვარდა ორი Ми-8 ტიპის ვერტმფრენი და თითო Су-34 და Су-35.

მსხვილი სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიები ამ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებენ. ТАСС-ი მხოლოდ ერთ Ми-8-ისა და Су-34-ის ჩამოვარდნას იტყობინებოდა.

არსებული ინფორმაციით, სტაროდუბსკის რაიონის სოფელ ისტროვკში ჩამოვარდნილი Су-34-ის ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა.

Lenta.ru წერს, რომ მეორე ავიაგამანადგურებელი, Су-35 სტაროდუბსკის რაიონის სოფელ შკრიაბინოში ჩამოვარდა. პილოტი ვერ გადარჩა.

როგორც რუსი სამხედრო პროპაგანდისტი, იური კოტიენოკი წერს, წინასწარი ინფორმაციით, ორ ჩამოვარდნილ Ми-8-ში სამ-სამი ადამიანი ისხდა და ყველა მათგანი მოკვდა. თუმცა, სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი, რომელიც მხოლოდ ერთ ჩანოვარდნილ ვერტმფრენზე ავრცელებდა ცნობას, წერდა, რომ Ми-8-ის ეკიპაჟზე მხოლოდ ორი პირი იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

რუსულ მედიაში წერენ, რომ საფრენი დანადგარები შესაძლოა ჩამოაგდეს. გაზეთ კომერსანტთან ანონიმურად თქვეს, რომ ეს შესაძლოა "საჰაერო ჩასაფრება" იყო. ვარაუდობენ, რომ გამოყენებულ იქნა ჰაერი-ჰაერის ტიპის რაკეტები, რაც იმას ნიშნავს, რომ საბრძოლო მასალა სხვა თვითმფრინავიდან ან ვერტმფრენიდან უნდა ესროლათ.

რუსულ ტელეგრამ-არხებზე წერდნენ, რომ ბრიანსკი ოლქში ამოქმედდა "გზის გადაჭრის" ოპერაცია, რაზეც Lenta.ru-ში ვარაუდობენ, რომ მოვლენებში უკრაინელი დივერსანტების ჩართულობაზე მიუთითებს. გასულ დღეს ტელეგრამ-არხებზე ვრცელდებოდა ცნობა, რომ რეგიონში დივერსანტებს ეძებდნენ.

კომენტარები