რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, ჩამოვარდა Ми-8 ტიპის ვერტმფრენი და Су-34-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი.
რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში გადაუდებელ ვითარებათა სამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ ვერტმფრენი ქალაქ კლინციში ჩამოვარდა და მიზეზი ძრავაზე გაჩენილი ცეცხლი იყო. პარალელურად ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ვიდეოები, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ფეთქდება ჰაერში ვერტმფრენი. შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
რამდენიმე ტელეგრამ-არხი, მათ შორის BBC-ის რუსული სამსახურის არხი, ავრცელებს ცნობას, რომ ბრიანსკის ოლქში შესაძლოა ჩამოვარდნილი იყოს კიდევ ერთი ვერტმფრენი.
ამას გარდა, ბრიანსკის ოლქში ჩამოვარდა Су-34-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი, უკრაინის საზღვრის მახლობლად. ჯერჯერობით უცნობია დაღუპულთა რაოდენობა.
ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავი ჩანს.
როგორც ტელეგრამ-არხი BAZA წერს, ბრიანსკის ოლქში ეძებენ დივერსანტებს, რომლებიც შესაძლოა ვერტმფრენისა და თვითმფრინავის ჩამოგდების უკან იდგნენ. ამავე ინფორმაციით, არსებობს ვერსია, რომ ორივე დანადგარი შესაძლოა რუსეთის ტერიტორიიდან ჩამოეგდოთ.
ამას გარდა, ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ რუსული სპეცსამსახურები ამოწმებენ კიდევ ერთი თვითმფრინავის, Су-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნის შესაძლებლობასაც.





