რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ ბრაზილიის პრეზიდენტი კიევში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბრაზილიის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის საკითხებში სპეციალურ მრჩეველთან, სელსო ამორიმთან შეხვედრის შემდეგ, იგი მოუთმენლად ელის პრეზიდენტ, ლუის ინასიო ლულას უკრაინაში ვიზიტს.

"შევხვდი ბრაზილიის პრეზიდენტის საგარეო საკითხებში სპეციალურ მრჩეველს, სელსო ამორიმს. მან ხაზგამით აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის შეჩერების ერთადერთი გზა "უკრაინის მშვიდობის ფორმულაა". განვიხილეთ უკრაინა-ლათინო ამერიკული სამიტის გამართვის შესაძლებლობა. მოუთმენლად ველი დიალოგის გაგრძელებას პრეზიდენტ ლულასთან და ვიწვევ მას უკრაინაში". - წერს ზელენსკი. 

2023 წლის აპრილში ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტმა აშშ-სა და ევროპას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ამით მხარეები ომის გახანგრძლივებას უწყობენ ხელს. 

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს ომის წახალისება და დაიწყოს მშვიდობაზე საუბარი". - თქვა ლულამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

უკრაინის მიმართ მსგავსი კომენტარების გამო ლულამ დასავლეთის კრიტიკა დაიმსახურა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა უკრაინაში მიიწვია, რათა მან რუსული აგრესიის რეალური მიზეზები გაიგოს.

"მიდგომა, რომელიც მსხვერპლსა და აგრესორს ერთსა და იმავე საფეხურზე აყენებს და ადანაშაულებს ომის წახალისებაში ქვეყნებს, რომლებიც სინამდვილეში უკრაინას თავდაცვაში ეხმარებიან სასიკვდილო აგრესიის წინააღმდეგ, არ შეესაბამება სახელმწიფო საქმიანობას. [...] აგრესიის ომი უკრაინის მიწაზე მიმდინარეობს და უამრავ ტანჯვასა და ნგრევას იწვევს" - თქვა ოლეგ ნიკოლენკომ.

კომენტარები