საქართველო-რუსეთი

"მორიგი რუსული პროვოკაცია" – პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ეხმაურება.

"მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო აკრძალვის გაუქმება მიუღებელია, მანამ სანამ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს!". - ვკითხულობთ პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ TWITTER-პოსტში. 

რუსეთმა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

როგორც განკარგულებაშია განმარტებული, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება ექნებათ და მხოლოდ იდენტობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოუწევთ (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, უკან დაბრუნების დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტი). საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ 90 დღის გატარების უფლება ექნებათ.

ამავდროულად, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით,  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამაცხადდა.

კომენტარები