რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსეთმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის თანამშრომელთა ოჯახების ე.წ. ევაკუაცია დაიწყო

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან
РИА Новости

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლების ოჯახის წევრების ე.წ. ევაკუაცია დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს

"ენერგოდარში რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლების ოჯახის წევრების ე.წ. "ევაკუაცია" დაიწყეს. თუმცა, ელექტროსადგურის თანამშრომლებს ქალაქიდან გასვლის უფლება არ აქვთ". – აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში. 

გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ საოკუპაციო ე.წ. ხელისუფლებამ სადგურის თანამშრომლების ოჯახებს გადაყვანა ბერდიანსკში და კირილივკაში დასასვენებელ ბანაკებში და სასტუმროებში შესთავაზეს. თუმცა, ამავე ინფორმაციით, ისინი ვინც ამ შეთავაზებას დათანხმდნენ, რუსეთში, როსტოვის ოლქში წაიყვანეს და კარვებში მოათავსეს.

ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ენერგოდართან, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. იგი მთლიანი ელექტრული სიმძლავრე 6 გიგავატია, ის ევროპაში უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურად ითვლება.

რუსულმა სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი 2022 წლის მარტში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე დაამყარეს. 

რუსეთი და უკრაინა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლებში ერთმანეთს პერიოდულად ადანაშაულებენ. 

ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რამდენჯერმე უშედეგოდ გამოვიდა წინადადებით, რომ სადგურის გარშემო შექმნილიყო უსაფრთხო ზონა, უკრაინასა და რუსეთს კი სადგურის გარშემო ცეცხლს გახსნისგან თავი შეეკავებინათ.  

სადგურის ოკუპაციის შემდეგ გასული წლის ოქტომბერში ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადასვლის შესახებ მოსკოვმა გამოსცა ბრძანება.

კომენტარები