რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვორონეჟის გუბერნატორი: უკრაინამ სამხედრო ობიექტზე ორი დრონით თავდასხმა სცადა

უკრაინელი სამხედრო უკრაინული წარმოების Leleka-100-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით; უკრაინა, ხერსონი, 2022 წლის ოქტომბერი.
Heidi Levine for The Washington Post

რუსეთის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ უკრაინამ სამხედრო ობიექტებზე დრონებით თავდასხმა სცადა. 

"დღეს გამთენიისას აღიკვეთა ვორონეჟის სამხედრო ობიექტზე მტრის ორი უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის მცდელობა. მიღებული ზომების შედეგად, ერთმა კურსს გადაუხვია და ჩამოვარდა, მეორე განადგურდა გახსნილი ცეცხლის შედეგად". – დაწერა გუსევმა.

გუსევი საკუთარ განცხადებაში არ ახსენებს ინფორმაციას დაშავებულთა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ, თუმცა ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებულია 14 სამხედრო. ამავე არხის ინფორმაციით, თავდასხმა სამხედრო პოლიგონზე მოხდა. ასევე, BAZA წერს, რომ მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს ვორონეჟის ოლქში მდებარე აეროდრომის მახლობლადაც.

ამას გარდა,  რუსულ სამთავრობო მედიაში წერენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა ბელგოროდის ოლქშიც. ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით, რომ დაზიანდა რამდენიმე შენობა და მანქანა.

BAZA-სა და რუსულ სამთავრობო მედიებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა კურსკის ოლქშიც და სახლი დააზიანა.

ამასთანავე, BAZA-ს დაუდასტურებელი ცნობით, ბრიანსკის ოლქში თავს დაესხნენ ნავთობსადენი დრუჟბის მიმდებარე ტერიტორიას, რაც ბოლო დღეებში მეხუთე შემთხვევაა. ამავე ინფორმაციით, უცნობია თუ რითი გაუხსნეს ცეცხლი ობიექტებს, თუმცა წერენ, რომ დაზიანდა ორი ცარიელი საცავი.

კომენტარები