დეკრეტული შვებულება

პირმა 237 ორსული საწარმოებში ფიქტიურად გააფორმა და დეკრეტის თანხა მიიღო – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული, 2021-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ორსულ ქალებთან და ფიქტიურად გააფორმა ისინი მის მმართველობაში არსებულ საწარმოებში, შემდგომ დაამზადა ყალბი დოკუმენტები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თითქოსდა საწარმოებში დასაქმებულმა 237 პირმა მიიღო ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება, ჯამში 237 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა ბრალდებულმა და ორსულმა ქალებმა გაინაწილეს.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები