რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა 9 მაისის აღლუმი 6 რეგიონში, ოკუპირებულ ყირიმსა და 21 ქალაქში გააუქმა – ბრიტანეთი

9 მაისის აღლუმი, რუსეთი, მოსკოვი, წითელი მოედანი, 2021 წლის 9 მაისი.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა 6 რეგიონში, ოკუპირებულ ყირიმსა და 21 ქალაქში 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმები გააუქმა. 

9 მაისს რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვება აღინიშნება. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვში "გამარჯვების დღე", სავარაუდოდ, აღინიშნება, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით. აღლუმის შემდეგ კრემლში საზეიმო მიღება არ ჩატარდება. ცნობისთვის, პრეზიდენტის საზეიმო მიღება კრემლში ბოლოს 2019 წელს გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, გაუქმებულია "უკვდავი პოლკის" მარშიც.

"გამარჯვების დღემდე რამდენიმე დღით ადრე კრემლზე დრონებით თავდასხმა რუსეთის მზარდ დაუცველობაზე მეტყველებს. სავარაუდოდ, ["გამარჯვების დღის" აღსანიშნი აღლუმის გაუქმებაზე], უკრაინაში ომით უკმაყოფილებამ და შესაძლო პროტესტებმაც იქონია გავლენა." - წერია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ბრიტანული გამოცემა Guardian წერს, მოსკოვის შეჭრამ უკრაინაში კიდევ უფრო შეცვალა დღესასწაულის მნიშვნელობა, რადგან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გერმანიასა და უკრაინას შორის ისტორიული პარალელების გავლებას ცილობდა და უკრაინას ნაცისტური გერმანიის მემკვიდრედ იხსენიებდა.

გასულ წელს პუტინმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რუსული არმია იბრძოდა უკრაინაში იმისთვის, რომ მსოფლიოში ჯალათების, მკვლელებისა და ნაცისტების ადგილი აღარ ყოფილიყო.

"გამარჯვება ჩვენი იქნება, როგორც 1945 წელს." - თქვა გასულ წელს პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2 მაისს კრემლს 2 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს. განცხადებაში ამტკიცებენ, რომ შეტევა უკრაინის მხრიდან განხორციელდა. 

განცხადების მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატები "სპეციალური სამსახურისა და სამხედროების დროული მოქმედების" შედეგად მწყობრიდან გამოიყვანეს. 

კომენტარები