რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მხარს ვუჭერთ უკრაინას და არა თქვენ მიერ ბავშვების ხოცვას – მაკკართი რუს ჟურნალისტს

Alex Wong / Getty Images file

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკკართიმ ის რუსი ჟურნალისტი გააკრიტიკა, რომელმაც მისი და მისი პარტიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. სპიკერის ეს კომენტარი რესპუბლიკელების მიერ უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მწვავე და ცხადია.

იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსმა რეპორტიორმა სპიკერისადმი კითხვა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: "ვიცით, რომ თქვენ მხარს არ უჭერთ უკრაინას შეიარაღებისა და დახმარების ამჟამინდელ შეუზღუდავ და უკონტროლო მიწოდებას". 

"მან თქვა რომ მე მხარს არ ვუჭერ უკრაინის დახმარებას? არა, მე მხარს ვუჭერ უკრაინის დახმარებას და ეს ჩემი ხმითაც დავადასტურე. მხარს არ ვუჭერ იმას, რასაც თქვენი ქვეყანა აკეთებს. მხარს არ ვუჭერ თქვენ მიერ ბავშვების ხოცვას. და ვფიქრობ, უნდა დატოვოთ უკრაინა. და განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან მსოფლიო სწორად ხედავს სიტუაციას". - აღნიშნა მაკკართიმ.

რესპუბლიკური პარტიის მზარდმა სკეპტიციზმმა აშშ-ს უკრაინის დახმარების მიმართ შეაშფოთა უკრაინელი და დასავლელი ოფიციალური პირები, რომლებიც შიშობენ, რომ სამხედრო დახმარების შემცირებამ ან შეჩერებამ შეიძლება შეცვალოს ომის მიმდინარეობა.

წარმომადგენელთა პალატისა და სენატის 19-მა რესპუბლიკელმა წევრებმა წერილი გაუგზავნეს ბაიდენს უკრაინისთვის "შეუზღუდავი" დახმარების შეწყვეტის მოთხოვნით.

მანამდე, თავად მაკკართიმ შეუწყო ხელი ორპარტიული კონსენსუსის დაშლის შიშს, რადგან შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა, რომ "არ აპირებს უკრაინისთვის ცარიელი ჩეკის მიცემას".

თუმცა მაკკართის კომენტარები - და სხვა ბოლოდროინდელი მოვლენები - მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის ინსტიტუციური რესპუბლიკური მხარდაჭერა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ამას პარტიის წევრთა მცირე რადიკალური მხარე აჩვენებს. 

მაკკართიმ და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად ტელეფონით გასულ თვეში ისაუბრეს.

კომენტარები