რუსეთის ოპოზიცია

რუსეთის დემოკრატიული ძალების დეკლარაცია – რუსეთის ოპოზიციამ ბერლინში დეკლარაცია გააფორმა

მიხაილ ხოდოროვსკი

30 აპრილს რუსეთის უცხოეთში მცხოვრებმა ოპოზიციონერებმა გერმანიაში, ბერლინში გააფორმეს დეკლარაცია, რომელსაც რუსეთის დემოკრატიული ძალების დეკლარაცია უწოდეს. 

რუსი ოპოზიციონერები ბერლინში 29-30 აპრილს სათათბიროდ იყვნენ შეკრებილი. 

ოპოზიციონერებმა "ამ ტრაგიკულუ მომენტში", გამოაცხადეს "საკუთარი სტრატეგიული მიზნები". ხელმომწერები თვლიან, რომ ოპოზიციამ კოორდინირებულად მუშაობა უნდა გააძლიეროს.

დასახელებულია 5 სტრატეგიული მიზანი. პირველ მიზნად ოპოზიციონერები უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას ასახელებენ. მათი აზრით, რუსი სამხედროები ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გამოვიდნენ და უნდა აღდგეს რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები. პირველივე პუნქტის მიხედვით, უნდა დაისაჯონ ომის დამნაშავეები, დაზარალებულებს კი კომპენსაცია უნდა გადაუხადონ.

მეორე მიზანში ნათქვამია, რომ ვლადიმირ პუტინის რეჟიმი არალეგიტიმური და დანაშაულებრივია, რის გამოც "საჭიროა მისი ლიკვიდაცია".

მესამე პუნქტის მიხედვით, რუსეთის შიგნით თუ გარეთ იმპერიალისტური პოლიტიკის გატარება დაუშვებელია.

მეოთხე სტრატეგიული მიზანი გულისხმობს პოლიტპატიმრებისა და ომის ტყვეების გათავისუფლებას, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უკან დაბრუნების შესაძლებლობის მიცემასა და გატაცებული უკრაინელი ბავშვების უკრაინაში დაუყოვნებლივ დაბრუნებას.

მეხუთე პუნქტში ოპოზიციონერები გამოთქვამენ სოლიდარობას იმ რუსების მიმართ, რომლებიც, რეპრესიების მიუხედავად, ანტიპუტინისტურ გამოსვლებში მონაწილეობს ბედავენ. 

ოპოზიციონერები რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დეკლარაციას შეუერთდნენ.

დეკლარაციას ხელს აწერენ მიხაილ ხოდოროვსკი, გენადი გუდკოვი, ევგენია ჩირიკოვა, ევგენი ჩიჩვარკინი და სხვები.

დეკლარაცია გაავრცელა უკრაინაში მცხოვრებმა რუსმა ოპოზიციონერმა ილია პონომარიოვმაც.

კომენტარები