რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა FBI-სა და ამერიკულ კომპანიებთან ერთად ომის დანაშაულებზე მტკიცებულებებს აგროვებს

REUTERS/Alexander Ermochenko

უკრაინა ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და ამერიკულ კომპანიებთან ერთად რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებაზე მუშაობს.

FBI-ს სპეციალური აგენტის, წარსულში უკრაინაში სააგენტოს იურიდიული ატაშეს, ალექს კობზანეცის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ბრძოლის ველიდან და რუსეთის შემოჭრის შედეგად განადგურებული უკრაინული ქალაქებიდან ციფრულ ინფორმაციას აგროვებს.

"მონაცემების შეგროვება, ამ მონაცემების ანალიზი, ამ მონაცემების გადამუშავება ისაა, რაზე მუშაობის გამოცდილებაც FBI-ს აქვს". - თქვა კობზანეცმა სან-ფრანცისკოში RSA კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე.

სამუშაო მობილური ტელეფონის ინფორმაციის შესწავლას, დნმ-ის ნიმუშების სასამართლო ანალიზს, ასევე ბრძოლის ველიდან შეგროვებული სხეულის ნაწილების ანალიზს მოიცავს. შემდეგი ნაბიჯი კი აშშ-ს ნაციონალურ სერვის პროვაიდერებთან მუშაობა და ამ ინფორმაციის გადაცემაა აბონენტის ინფორმაციის მიღების და გეოლოკაციის მოპოვების მიზნით.

ეს საქმიანობა ასახავს აშშ-სა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას კიბერ ფრონტზე, სადაც რუსეთი ორივესთვის საერთო მოწინააღმდეგეა. კობზანეცმა დასძინა, რომ FBI უკრაინას გასული წლის განმავლობაში რუსი კოლაბორაციონისტებისა და ჯაშუშების გამოვლენაშიც ეხმარებოდა. აშშ-ს უსაფრთხოების კომპანიები და ოფიციალური პირები რუსეთის კიბერშეტევების თავიდან აცილების მცდელობაში უკრაინის მთავარი პარტნიორები ჯერ კიდევ 2015 წლიდან არიან.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიბერ დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილია ვიტიუკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული თავდასხმები უკრაინაზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა, ბოლო თვეებში ისინი უფრო მიზანმიმართული გახდა.

"ძალიან რთულია სისხლის სამართლის საქმეზე იმის მტკიცება, ვინ არის პასუხისმგებელი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსი კიბერკრიმინალების შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღოთ... რადგან ამ ინფორმაციას ვაგროვებთ და სისხლის სამართლის საქმეებში ვათავსებთ. ჩვენ გვჯერა, რომ ამ საქმეში კიბერ ომის დანაშაულების შესახებ რაღაც სიახლეა. აქ სრულმასშტაბიანი კიბერ ომი პირველად ვიხილეთ". - ამბობს ვიტიუკი.

კომენტარები