რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდში საავიაციო ბომბის აფეთქების ადგილას კიდევ ერთი ბომბი აღმოაჩინეს

20 აპრილს რუსეთის Su-34 სამხედრო თვითმფრინავიდან ბელგოროდში საავიაციო ბომბი ჩამოვარდა. მოგვიანებით ამავე ადგილას კიდევ ერთი საავიაციო ბობი აღმოაჩინეს. 

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბელგოროდის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 20 აპრილს საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო თვითმფრინავიდან ბომბი ჩამოვარდა, ბელგოროდში ამავე ადგილას კიდევ ერთი საავიაციო ბომბი აღმოაჩინეს. 

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, ბელგოროდში გამნაღმველების მიერ აღმოჩენილი ბომბი დასახლებულ ტერიტორიას გაარიდეს, ხოლო ევაკუირებული ხალხი სახლებში ბრუნდება. 

როგორც რუსული ტელეგრამ არხი, Baza წერს, საავიაციო ბომბის ძებნა შესაბამისმა უწყებებმა გუშინ დაიწყეს, თუმცა, სამძებრო სამუშაოებს მიწისქვეშა წყლები აბრკოლებდა. ამავე ინფორმაციით, ბომბი დღეს 7 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. მისი სიმძლავრის გამო კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 200 მეტრის რადიუსში მდებარე 17 სახლიდან დაახლოებით სამი ათასი ადამიანის ევაკუაცია განეხორციელებინა. ბელგოროდში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ 20 აპრილის ქალაქ ბელგოროდის ცენტრში მომხდარი აფეთქება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების Су-34-ს უკავშირდება.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებამ ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსი, რამდენიმე მანქანა და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა. აფეთქების შედეგად, დაშავდა სამი ადამიანი და ამასთან, ბელგოროდის ცენტრალურ ქუჩაზე ღრმა კრატერი წარმოიქმნა. 

კომენტარები