რუსეთი

რუსეთის სასამართლომ Bellingcat-ის ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

Hannah McKay / Reuters

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ Bellingcat-ის გამომძიებელ ჟურნალისტს, ხრისტო გროზევს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

გადაწყვეტილება სასამართლომ დახურულ სხდომაზე მიიღო. გროზევის ადვოკატმა, ვერონიკა პოლიაკოვამ აღნიშნა, რომ სასამართლომ მის კლიენტს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გროზევას რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. გამოძიება მომხდართან დაკავშირებით დეტალებს არ ასაჯაროებს. თავად ხრისტო გროზევმა თქვა, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა იგი დაადანაშაულა, რადგან ის დაეხმარა კოლეგას, რომან დობროხოტოვს პატიმრობისთვის თავის ასარიდებლად 2021 წელს დაეტოვებინა რუსეთი. 

Bellingcat-ი 2014 წელს ბრიტანელი ჟურნალისტის, ელიოტ ჰაგინსის მიერ დაარსებული გამოცემაა, რომელიც ღია წყაროებზე დაყრდნობით ჟურნალისტურ გამოძიებებს ატარებს. გამოცემას რუსეთში უცხოელი აგენტის კანონი ეხება. Bellingcat-ის გამოძიებები არაერთხელ შეხებია რუსეთის ქმედებებს, მათ შორის ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლას, ასევე კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის ქმედებებს. გროზევი ამ გამოცემაში 2015 წლიდან მუშაობს.

ივლისში გროზევს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) ბრალს სდებდა, რომ ის ჩართული იყო უკრაინის სამხედრო დაზვერვის გეგმაში, რაც ФСБ-ს მტკიცებით, რუსული სამხედრო თვითმფრინავების გატაცებას ითვალისწინებდა. რუსულ მედიაში ამტკიცებდნენ, რომ გროზევს ჰყავდა ნაპოვნი ორი შუამავალი, რომლებიც რუს პილოტს თვითნფრინავის გატაცებისთვის თანხას გადასცემდნენ.

გროზევი ბრალდებებს უარყოფდა და ამბობდა, რომ ის არანაირ სპეცოპერაციაში ჩართული არ ყოფილა, იძიებდა ამ მოვლენებს და სურდა აღეწერა, როგორ ატყუებდნენ ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის სპეცსამსახურები.

კომენტარები