ევროპარლამენტი

4-თვიანი პატიმრობის შემდეგ ევროპარლამენტის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს შინაპატიმრობა მიესაჯა

ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი, ევა კაილი

4-თვიანი პატიმრობის შემდეგ ბელგიის სასამართლომ ევროპარლამენტის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ევა კაილი ციხიდან გაათავისუფლა და შინაპატიმრობა მიუსაჯა. Euronews-ის ცნობით, ინფორმაციას კაილის ადვოკატი და ბელგიის პროკურატურა ადასტურებს. 

"ამასთან დაკავშირებით მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა და აქამდე მისვლას ზედმეტად დიდი დრო დასჭირდა". - აღნიშნა ევა კაილის ადვოკატმა, სვენ მერიმ. 

სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, ვინაიდან ევროპარლამენტის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს 13 აპრილს სასამართლოს წინაშე მოსმენა ჰქონდა დანიშნული. 

9 დეკემბერს ბელგიის პოლიციამ, რამდენიმე ჩხრეკის შემდეგ, ევროპარლამენტთან დაკავშირებული სულ მცირე, 4 ადამიანი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.

ბელგიის პროკურატურის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დაახლოებით €600 000 ნაღდი ფული. პროკურატურის წარმომადგენლის, ერიკ ვან დუისის თქმით, გამომძიებლები ეჭვობენ, რომ კატარს ევროკავშირში პოლიტიკურად სტრატეგიული პირების მოსყიდვა სურს.

კომენტარები