აზერბაიჯანი-ყაზახეთი

თოყაევი: დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გახსნას

ილჰამ ალიევი და ყასიმ-ჟომართ თოყაევი

ყაზახეთს სურს, რომ აზერბაიჯანის გავლით ნავთობის მიწოდება გაზარდონ. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, ილჰამ ალიევმა ასტანაში გამართული შეხვედრის დროს ისაუბრეს

"ჩვენი შეთანხმებების წყალობით, წელს აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის პირველი პარტიის გაგზავნა შედგა. შემდეგი ნაბიჯია მიწოდების მოცულობის გაზრდა და მათთვის ხანგრძლივი, სტაბილური სახის მიცემა". – თქვა თოყაევმა.

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და ასევე კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების განვითარების შესაძლებლობები და მივიდნენ გარკვეულ შეთანხმებამდე. თოყაევის თქმით, შეხვედრა ორი ქვეყნის ურთიერთობას ახალ დონეზე გადაიყვანს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის მნიშვნელობასაც.

"ჩვენი ქვეყნების დაინტერესებული სტრუქტურების  კოორდინირებული საქმიანობა ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანის საშუალებას მოგვცემს. ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გახსნის პოტენციალს. საუბარია ლოგისტიკური მომსახურების გაუმჯობესებაზე, ერთიანი სატრანსპორტო ოპერატორების შექმნაზე, ტექნიკური და სატარიფო პირობების მოდერნიზებაზე, ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრასა და დახურული ლოგისტიკური ციკლის შექმნაზე. დიდი მნიშვნელობა აქვს 2022-2027 წლების შუა დერეფნის განვითარების საგზაო რუკის ეფექტიან რეალიზაციას. შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია სრულად გამოვიყენოთ ამ მარშრუტის მიმართ გაზრდილი ინტერესი და მის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში მესამე ქვეყნები მოვიზიდოთ. ყველა ეს ზომა და ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მოგვცემს აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულებით ტვირთების მიწოდების სტაბილურობისა და ოპერატიულობის გარანტირებას". – თქვა თოყაევმა.

თოყაევის თქმით, მიმდინარეობს კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის გაყვანის სამუშაოები. 

კომენტარები