გრიბოედოვის თეატრი

გრიბოედოვის თეატრი რუსეთიდან ფინანსური დახმარების მიღებას არ აპირებს

როგორც ტაბულას გრიბოედოვის თეატრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, თეატრი არ აპირებს რუსეთის ფედერაციისგან ფინანსური მხარდაჭერის მიღებას.

"გრიბოედოვის თეატრი არის სახელმწიფო ბიუჯეტზე, სახელმწიფო დაფინანსებაზე და არანაირად არ მივიღებთ სხვა ქვეყნის დაფინანსებას". - აღნიშნა თეატრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

მანამდე რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წელს რუსული თეატრები 10 სხვადასხვა ქვეყანაში რუსეთის ფედერაციისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებდნენ. თეატრების ჩამონათვალში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრიც აღმოჩნდა.

რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილემ, ალლა მალინოვამ აღნიშნა, რომ უცხოეთში მდებარე რუსულ თეატრებს ფინანსურ მხარდაჭერას ორი მიმართულებით გაუწევენ: უახლესი თეატრალური სასცენო აღჭურვილობის შეძენა და საპრემიერო სპექტაკლების მხარდაჭერა.

"5 მილიონი რუბლი - აღჭურვილობისთვის, 5 მილიონი რუბლი - პროდუქციისთვის". - განმარტა მან.

კომენტარები