რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვმა და ჩავუშოღლუმ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე ისაუბრეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ანკარას ეწვია და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. მოლაპარაკებისას მხარეებმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების პირობები განიხილეს.

ლავროვის თქმით, შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა იმ დაბრკოლებების იდენტიფიცირება, რომლებიც შეთანხმების აღსრულებას ხელს უშლის. გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იყო კონფლიქტი უკრაინასა და სირიაში და ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხიც.

ჩავუშოღლუმ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ თურქეთი ორიენტირებულია შავი ზღვის შეთანხმების გაგრძელებაზე და იმედს იტოვებს, რომ ის ძალაში მაისის შემდეგაც დარჩება.

"ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შეთანხმების გაგრძელებას, არამარტო რუსეთისა და უკრაინის გადმოსახედიდან, როგორც მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტის თვალსაზრისით, ისე მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შესაჩერებლად. ჩვენ ვთანხმდებით, რომ რუსეთი უნდა გათავისუფლდეს სასუქისა და მარცვლეულის ექსპორტზე შეზღუდვებისგან. ყველა პრობლემა უნდა გადაიჭრას, რათა მარცვლეულის შეთანხმება გაგრძელდეს". - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრება.

კომენტარები