NATO-რუსეთი

პესკოვი: ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება, NATO-ს გაფართოებაზე პასუხია

დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსეთის მიერ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გადაწყვეტილება დაიცვა და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის კრიტიკულ განცხადებას უპასუხა.

პესკოვის თქმით, ტრანსატლანტიკური ალიანსი ფართოვდება რუსეთისკენ და არა – პირიქით, შესაბამისად მოსკოვი ნაბიჯებს საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად დგამს

იენს სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთის მიერ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი განცხადება ცარიელი დაპირებებია.

"ტრანსატლანტიკური ალიანსი ფართოვდება რუსეთისკენ და არა – რუსეთი, რომელიც საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურის NATO-ს საზღვრებთან განთავსებას ცდილობს". - აღნიშნა პესკოვმა სტოლტენბერგის განცხადების შეფასებისას.

რუსეთს ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა, როგორც ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა,  საწყობების მშენებლობა ივლისის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს იქნება რუსეთის ბირთვული იარაღის პირველი განთავსება მის საზღვრებს გარეთ.

კომენტარები