საქართველო-რუსეთი

რუსეთის საგარეო: დასავლეთის მცდელობა, თბილისს მეორე ფრონტი გაახსნევინოს, მიუღებელია

მიხაილ გალუზინი

საერთაშორისო ჟენევის დისკუსიის ფარგლებში რუსეთის დელეგაციამ, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი უძღვებოდა, თქვა, რომ მიუღებელია კონფრონტაციის უკრაინიდან ამიერკავკასიაში გადატანის მცდელობები, კერძოდ თბილისის მიმართ მოწოდებები ე.წ. "მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ.

"ცალკე გაესვა ხაზი დასავლეთის მცდელობების მიუღებლობას, კონფრონტაციის ლოგიკა უკრაინიდან ამიერკავკასიაში გადაიტანონ, რაც გამოიხატება თბილისის მიმართ პროვოკაციულ მოწოდებებში, გახსნან "მეორე ფრონტი" რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში". – ნათქვამია რუსეთის დელეგაციის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ვითარების განხილვის დროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტი წარმომადგენლებისა და თბილისის მხრიდან თავშეკავების გაგრძელების განწყობა დაფიქსირდა.

"შედეგად, ვითარება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთოსურ სასაზღვრო რაიონებში შედარებით მშვიდია. სერიოზული ინციდენტები არ ფიქსირდება. ჟენევის პლატფორმის მუშაობის პაუზის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა დიალოგის მხარდაჭერა მოლაპარაკების სხვა გზებზე, მათ შორის "ცხელი ხაზებით" და ინციდენტებზე რეაგირებისა და აღკვეთის მექანიზმის ფარგლებში საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, მაგალითად ერგნეთში". – ნათქვამია განცხადებაში. 

რუსეთის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ, მათი აზრით, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება თბილისის მიერ ძალის გამოყენებაზე უარის პირობითა და ე.წ. საზღვრებთან დემილიტარიზაციითაა შესაძლებელი.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსი მაღალჩინოსნები იყენებენ ე.წ. "მეორე ფრონტის" პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების რიტორიკის ნაწილიცაა. ამავე საკითხზე ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებიც საუბრობენ.

კომენტარები