ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარე გრიგორიადისისთვის 4 საათში 20 000-მდე ლარი შეგროვდა – სალომე ბარკერი

Salome Barker / Facebook

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერის ცნობით, ლაზარე გრიგორიადისისთვის, ადვოკატისა და სხვა ხარჯებისთვის 4 საათში 20 000-მდე ლარი შეგროვდა.

"რა თქმა უნდა, მთლიანად ვურიცხავ ლაზარეს ბაბუას. ადვოკატის ხარჯების გარდა, რაშიც ლაზარეს დასჭირდება იმაში მოიხმარს. მთელი ოჯახი შოკშია, უდიდეს მადლობას გითვლიან ყველას, რომ არ დატოვეთ მარტო ეს ბიჭი". - წერს სალომე ბარკერი Facebook-ზე. 

31 მარტს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სხდომა 1 მაისს ჩაინიშნა.

პოლიციამ გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები