საქართველო-რუსეთი

გალუზინი: დასავლეთი ოცნების პრაგმატიზმით უკმაყოფილოა, სურთ ჩვენთან კავშირი გაწყვიტონ

მიხაილ გალუზინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ მედია RTVI-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ დასავლეთი უკმაყოფილოა საქართველოს მთავრობის კურსით, რომელსაც რუსი დიპლომატი "პრაგმატულს" უწოდებს. 

გალუზინი თვლის, რომ დასავლეთი ცდილობს, ქართულმა ოცნებამ რუსეთთან კავშირი გაწყვიტოს.

"მარტის პროტესტებში ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული კურსით უკმაყოფილო დასავლეთის მისწრაფებას, შეარყიონ რესპუბლიკაში არსებული ვითარება, უფრო გადახარონ უკრაინის აქტიური მხარდაჭერისკენ და რუსეთთან კავშირის გაწყვეტისკენ". – თქვა გალუზინმა.

გალუზინი თვლის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კავშირი ვითარდება.

"გარე ზეწოლისა და ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, კავშირები ვითარდება, პირველ რიგში სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში". – თქვა გალუზინმა და საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად მაგალითად ეკონომიკური სტატისტიკა მოიყვანა.

გალუზინის აზრით, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის კარგი მაგალითია ლარსის გამშვები პუნქტის გარშემო არსებული სამუშაოები.

"რუსეთ-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია ორ სახელმწიფოს შორის ერთადერთი მოქმედი ავტომაგისტრალის უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად ერთობლივი მუშაობა. საქართველოს მხრიდან ხდება საავტომობილო გზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, მათ შორის, შენდება გვირაბი ჯვრის უღელტეხილზე, ჩვენი მხრიდან ფართოვდება ზემო ლარსის გამშვები პუნქტი. მოქმედება საზღვრის ორივე მხარეს კოორდინირებულია, რათა არ მოხდეს ამ სატრანსპორტო არტერიის გამშვები შესაძლებლობის შემცირება". – თქვა გალუზინმა.

გალუზინი ამბობს, რომ საქართველოს და რუსეთს შორის თითქოსდა საერთო ისტორია და კულტურა აქვთ და მომავალში ურთიერთობათა ნორმალიზაციას იმედოვნებს.

"დარწმუნებულ ვართ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის მომავალი ნორმალიზაცია, გაერთიანებული საერთო ისტორიითა და კულტურით, მილიონობით ადამიანის ბედის გადაკვეთით, სრულად პასუხობს ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესებს". – დაამატა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები