ნიკა გილაური

გილაური ჩარკვიანზე: გუშინდელი განცხადებები ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე

ყოფილი პრემიერმინისტრი ნიკა გილაური "სრულ სიცრუეს" უწოდებს პარტია კანონი და სამართალის ლიდერის, თაკო ჩარკვიანის გაკეთებულ განცხადებებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ბიკა გილაური პარტიას ქმნის.

"10 წელია, არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგარამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას -  "გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან "თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“, ვწერ - აბსოლუტურად ყველა, გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა - მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერმინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული" - წერს გილაური.

თაკო ჩარკვიანმა TV ფორმულას ეთერში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი "ახალი შეფუთვით", "ახალი პარტიით" წარმოჩინდება. მისი მტკიცებით, "იმ პარტიაში წევრიანდება ნიკანორ მელია. აი, რატომ ვებრძოდი მე ამ ყველაფერს და თავის დროზე რატომ ვამხილე ეს სქემა. მხოლოდ ნიკა მელია არა, ხატია დეკანოიძეც ძალიან ჩართულია ამ ამბავში. მგონი, მისი თანხმობა უკვე არის“.

პარტია კანონი და სამართალის ლიდერის განცხადებებს უპასუხეს ნიკა მელიამ და ხატია დეკანოიძემაც.

"ჩარკვიანის ჭორაობა/ბოდვას ჩემი სერიოზული პასუხი არ ექნება. ეს არის ერთადერთი კომენტარი ამ საკითხზე" - დაწერა დეკანოიძემ.

ნიკა მელიას თქმით კი, იმ ადამიანებს, ვისაც "ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ", მხოლოდ "კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები" შეიძლება, ეწოდოთ.

"ქვეყანას კი მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როდესაც (და ძალიან მალე) არაფორმალური მართვა და უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად სახელდება დასრულდება. საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე" - დაწერა მელიამ.

კომენტარები