რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროსტატი: ევროკავშირში რუსული ნავთობის იმპორტი ერთ წელში 31%-დან 4%-მდე შემცირდა

ევროსტატის მონაცემებით, აშშ ევროკავშირის ქვეყნებისთვის ნედლი ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი გახდა

ევროსტატის ცნობით, დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებში იმპორტირებული ნავთობის 18% ამერიკული იყო მაშინ, როდესაც წინა წლის ამავე პერიოდში აშშ-ს წილი მხოლოდ 13%-ს შეადგენდა. 

რუსეთიდან იმპორტი, რომელიც ბოლო დრომდე ევროკავშირის ნედლი ნავთობის მთავარ მიმწოდებლად ითვლებოდა, ერთ წელში 31%-დან 4%-მდე შემცირდა. 

დეკემბერში ევროკავშირმა რუსული ნავთობის იმპორტი ნაწილობრივ აკრძალა და დააწესა ფასის ზღვარი, რაც გულისხმობს, რომ მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ G7-ისა და ევროკავშირის გემების, სადაზღვევო კომპანიებისა და საკრედიტო ინსტიტუტების მეშვეობით, თუ ტვირთი $60-იანი ზედა ზღვრის შესაბამის ფასად არის ნაყიდი.

ომის დაწყების შემდეგ, ნავთობთან ერთად, ევროპის ქვეყნებში გაზის იმპორტმაც იკლო. მეორე მხრივ, მოსკოვმა სანქციების დამწესებელ ქვეყნებში ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდა. გასულ წელს გაზპრომმა Nord Stream 1-ის მილსადენით გაზის მიწოდება პირველად შეამცირა, რომელიც, 2021 წელს ევროპის მთლიანი იმპორტის 35%-ს შეადგენდა. 

ნავთობის მსგავსად, ევროპაში რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის წილი მკვეთრად შემცირდა. 2022 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული 31%-დან წლის ბოლოს 19%-მდე დაეცა. ამან აშშ 20%-იანი წილით ევროპაში გაზის მეორე უმსხვილეს მიმწოდებლად აქცია. პირველ ადგილს ნორვეგიული გაზი იკავებს, რომელიც ევროკავშირის მარაგების დაახლოებით 31% შეადგენს. 

კომენტარები