საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებაში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და ამასთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის გაკეთებულ კომენტარს ეხებოდა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს განემარტა ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული ფაქტის გამო, რაც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალაუფლების გადამეტების ფაქტებთან, რომელზეც მიხელ სააკაშვილი და მისი მთავრობის არაერთი წარმომადგენელი მსჯავრდადებულია ან უკვე მოიხადეს სასჯელი.
როგორც უწყებაში აღინიშნა, ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის აღნიშნული ნაბიჯი ხელს არ უწყობს ქართულ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას და შეურაცხმყოფელია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. როგორც შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს ელჩმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა არ წარმოადგენს ნორვეგიის მთავრობის პოზიციას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინიციატივაა.
მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზაობა მომავალში ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას" - ნათქვამია განცხადებაში.
25 მარტს მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის გამო ნორვეგიის კონსერვატიული პარტიისგან ჯილდო მიიღო.
სააკაშვილის დაჯილდოებას პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და მას ქართველი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა უწოდა:
"გახსოვთ ნორვეგიაში ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა - დაახლოებით, იგივეა, რომელიმე ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ეს, იგივეა ჩემთვის".
ამაზე საქართველოში ნორვეგიის ელჩმა, ჰელენ სანდ ანდრესენმა თქვა, რომ გაოგნებულია მიხეილ სააკაშვილის ტერორისტ ბრეივიკთან შედარებით. ა
"ნორვეგიის საელჩო თბილისში ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა იქამდე, სანამ ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გავეცანით. დავამატებ, რომ მე გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია". - აღნიშნა მთავარი არხის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას ელჩმა.