რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

POLITICO: ჩინეთმა რუსეთს შაშხანები და დრონების ნაწილები გაუგზავნა

გამოცემა POLITICO წერს, რომ ჩინურმა კომპანიებმა, რომელთაგან ერთ-ერთი პეკინის მთავრობასთანაცაა კავშირში, რუსეთს გაუგზავნეს 1 000 შაშხანა და სხვა აღჭურვილობა, რომლის სამხედრო მიზნით გამოყენება შესაძლებელი იქნება, მათ შორის დრონების ნაწილები და სხეულის დამცავი ჯავშანჟილეტები.

POLITICO ეყრდნობა Import Genius-ის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ტვირთის რუსეთისთვის მიწოდება 2022 წლის ივნისისა და დეკემბრის შუალედში ხდებოდა. 

ჩინეთის მთავრობის მფლობელობაში მყოფმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა თავდაცვის კომპანიამ, China North Industries Group Corporation Limited-მა (იგივე Norinco), არსებული ცნობით, შაშხანები რუსულ კომპანია ტეხკრიმს, რომელიც ასევე სამხედრო მრეწველობითაა დაკავებული, ივნისში გაუგზავნა. საუბარია CQ-A-ს ტიპის შაშხანებზე, რომლებიც ამერიკული M16-ების ასლებია. POLITICO-ს მონაცემებით, რუსეთში ჩინური შაშხანები შეტანისას "სამოქალაქო სანადირო შაშხანებად" გააფორმეს. ამ ტიპის შაშხანებს იყენებს ჩინეთის პოლიცია, ასევე ფილიპინების, სამხრეთ სუდანისა და პარაგვაის ჯარები.

რუსულმა კომპანიაბემა, POLITICO-ს ცნობით, ჩინური კომპანიებისგან მიიღეს დრონების ნაწილების 12 ტვირთი და 12 ტონაზე მეტი სხეულის დამცავი აღჭურვილობა, თურქეთის გავლით, 2022 წლის ბოლოს.

მართალია ეს მონაცემები აჩვენებს, რომ პეკინი მოსკოვს დიდი რაოდენობით სამხედრო დახმარებას არ აწვდის, თუმცა ეს უკვე გამოაშკარავებაა იმის, რომ ჩინურ კომპანიებს რუსეთში "ორმაგი გამოყენების" საგნები შეაქვთ. 

გასულ კვირაში დასავლელი მაღალჩინოსნები საუბრობდნენ, რომ ჩინეთი რუსეთში შეიარაღების განზრახვას განიხილავდა და აცხადებდნენ გაფრთხილებებსაც.

კომენტარები