სახალხო დამცველი

ომბუდსმენობაზე იოსელიანის კანდიდატურა პლენარულის კენჭისყრაზე განხილვის გარეშე გავა

ლევან იოსელიანი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, საკითხი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე გავა და კენჭსაც პირდაპირ უყრიან. 

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლევან იოსელიანის კანდიდატურა წარდგენილ იქნას პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე. კენჭისყრის შედეგად იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. რა შეეხება მთლიანად პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერას, ამის შესახებ მოგვიანებით იქნება ცნობილი".- თქვა სარჯველაძემ. 

მანამდე კომიტეტს ლევან იოსელიანმაც მიმართა და თქვა, რომ იქნება ნეიტრალური და "ყველას სახალხო დამცველი". 

"ვფიქრობ, რომ ამას ჩემი საქმიანობის შემდგომ ადამიანები შეხედავენ, მიხვდებიან და საბოლოო ჯამში, ის განცდა, რომ სახალხო დამცველი შეიძლება არის ვიღაცის და ვიღაცის არა, ასეთი რაღაც, ვფიქრობ,  რომ არ უნდა იყოს. მესმის, რომ არის რაღაც პოლიტიკური ინტერესები ყოველთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან მკვეთრი შეგრძნება იმის, რომ სახალხო დამცველი პირველ რიგში არის ხალხთან და ის ამართლებს იმ სახელს, რაც ჰქვია სახალხო დამცველი".- თქვა იოსელიანმა. 


2022 წლის 22 დეკემბერს, პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობისთვის 19 კანდიდატიდან ვერცერთი ვერ აირჩია. კანდიდატის არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5, იგივე 90 დეპუტატი სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ 90 ადგილი პარლამენტში არცერთ პარტიას არ უკავია, სახალხო დამცველის დამტკიცებას როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის ხმები სჭირდება. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს ანა აბაშიძის, ნაზი ჯანეზაშვილისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურები შესთავაზეს. მათ მხარი დაუჭირა ოპოზიციის დიდმა ნაწილმაც. ჯამში პარლამენტში ომბუდსმენობის 19 მსურველის განაცხადი შევიდა, საბოლოოდ პარლამენტს რვა მათგანზე (ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია) უნდა ემსჯელა, თუმცა, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას სახალხო დამცველის არჩევა მხოლოდ 5 კანდიდატიდან შესთავაზა, რომელთა შორის არც გიორგი ბურჯანაძეა და არც ანა აბაშიძე. მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს მომავალი ომბუდსმენი ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის შეარჩიოს.

კომენტარები