რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლატვიის პრემიერი: დასავლეთის მიერ კიევისთვის თვითმფრინავების მიწოდება დროის საკითხია

ლატვიის პრემიერმინისტრი კრიშიანის კარინში

ლატვიის პრემიერმინისტრის, კრიშიანის კარინშის თქმით, დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება დროის საკითხია.

გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუში კარინშმა აღნიშნა, რომ ლატვიას თვითმფრინავები რომ ჰყავდეს, იგი კიევში მათ გაგზავნას არ დააყოვნებდა. 

"მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია. ჩემთვის გაუგებრია, რატომ არ უნდა მიაწოდოს დასავლეთმა საბრძოლო თვითმფრინავები. თუკი უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები სჭირდება, მან ისინი უნდა მიიღოს". - თქვა ლატვიის პრემიერმინისტრმა. 

რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, ლატვიამ გადაწყვიტა, 2007 წლის შემდეგ პირველად, 18-დან 27 წლამდე მამაკაცებისთვის სამხედრო სამსახური კვლავ სავალდებულო გახადოს. კარინშის თქმით, მსგავს გადაწყვეტილებას ევროპის სხვა ქვეყნებშიც მიესალმება. 

"მთელ ევროპაში ჩვენ რაც შეიძლება მეტი რეზერვისტი გვჭირდება: გაწვრთნილი ადამიანები, რომლებიც გადაჯგუფებასა და მომზადებას უმოკლეს დროში შეძლებენ". - დასძინა მან. 

კომენტარები