რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, მათ ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების ჯგუფი შევიდა და ებრძვიან

უკრაინელი სამხედრო სლავიანსკში. 2023 წლის 15 იანვარი.
Ximena Borrazas / ZUMA Wire

რუსეთის მტკიცებით, მათ ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში შეაღწიეს უკრაინელმა დივერსანტებმა და რუსეთის გვარდია მათ ებრძვის. 

ბრიანსკში დივერსანტების შეღწევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თავდაპირველად რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა გაავრცელა. რუსული პროპაგანდისტული მედიის ბოლო ინფორმაციით, ჯგუფი შევიდა ორ სოფელში და მიმდინარეობს ბრძოლა. მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) უდასტურებს, რომ მიმდინარეობს ოპერაცია "საზღვრის დამრღვევთა გასანადგურებლად".

როგორც ბოგომაზი წერდა, დივერსანტები თავიდან კლიმოვსკის რაიონში მდებარე სოფელ ლიუბეჩანეში შევიდნენ. მისი მტკიცებით, უკრაინელებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი – 10 წლის ბავშვი დაიჭრა. ამას გარდა, გუბერნატორის თქმით, სოფელ სუშანიზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერს, რომ დივერსანტები თავს დაესხნენ როგორც ლიუბჩანეს, ისე სუშანის ტერიტორიებს, რომელთა შორის 15 კმ. დაშორებაა. მათი წყაროს თქმით, საუბარია რამდენიმე ათეულ ადამიანზე. 

"ტარდება ღონისძიება სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი უკრაინელი შეიარაღებული ნაციონალისტების გასანადგურებლად". – ამბობენ ФСБ-ში.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მოვლენებს "ტერორისტების თავდასხმა" უწოდა და თქვა, რომ მათ გასანადგურებლად ზომებს იღებენ.

ასევე, რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, დივერსანტებს, შესაძლოა, ექვსი ადამიანი მძევლად ჰყავდეთ აყვანილი. 

ამას გარდა, რუსეთის კურსკისა და ტულის ოლქების ხელისუფლებები აცხადებენ, რომ მათი ტერიტორიები, სავარაუდოდ, უკრაინის მხრიდან დაიბომბა.

27 თებერვალს ტელეგრამ-არხი Mash-ი წერდა, რომ ბელგოროდის, ვორონეჟისა და კურსკის ოლქებში დივერსანტების ძებნა მიმდინარეობდა, რაც რეგიოენბის მთავრობებმა უარყვეს.

კომენტარები