რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბარნსი: მოლაპარაკების შესაძლებლობას უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატება შექმნის

ბილ ბარნსი
Kevin Dietsch/Getty Images

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA-ს) დირექტორის, უილიამ ბარნსის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატება განაპირობებს. ამის შესახებ ბარნსი ამერიკულ ტელეარხ СBS-ს ესაუბრა.

"არ ვფიქრობ, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულად არის განწყობილი. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების შესაძლებლობას მხოლოდ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატება შექმნის. ეს იქნება უკრაინელების გადაწყვეტილება. არამხოლოდ სადაზვერვო სამსახურის, არამედ მთლიანად აშშ-ის მთავრობის ამოცანაა, რომ უკრაინელებს ყველანაირად შევუწყოთ ხელი, რათა მათ საკუთარი პოზიციების გაძლიერება შეძლონ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდაზე". - თქვა ბარნსმა.

CIA-ს დირექტორის შეფასებით, პუტინი ხვდება, რომ უახლოეს დროში ომს ვერ მოიგებს, თუმცა, საკუთარ თავს წაგების უფლებას ვერ აძლევს.

"პუტინმა იცის, რომ უახლოეს დროში ომს ვერ მოიგებს, თუმცა, საკუთარ თავს წაგების უფლებას ვერ აძლევს. ეს არის მისი განაჩენი. შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ უკან დაიხიოს და გამოსავალი ეძებოს, ის ძალისხმევას აორმაგებს და არაფრად აგდებს სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელსაც უკრაინაში განიცდის. ის ცოცხალი ძალის დანაკარგებს სენტიმენტების გარეშე უყურებს". - აღნიშნა ბარნსმა.

კომენტარები