უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მას ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინფინგთან შეხვედრა სურს. ამის შესახებ ზელენსკიმ ომის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.
"პირველ რიგში, მე ვგეგმავ სი ძინფინგთან შეხვედრას. და მჯერა, რომ ეს სარგებელს მოუტანს ჩვენს სახელმწიფოებს და უსაფრთხოებას მსოფლიოში. ჩვენ დიდი ვაჭრობა გვაქვს ჩინეთთან. საქმე მხოლოდ ომი არ არის, საქმე ისაა, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებულია ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებით". - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აუცილებელია საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პატივისცემა და თუ ჩინეთი ეთანხმება ამ თეზისებს, მაშინ ის მხარს უჭერს უკრაინულ "მშვიდობის ფორმულას".





