ფინეთი-უკრაინა

ფინეთი უკრაინაში Leopard 2-ის ტიპის სამ ტანკს გაგზავნის

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფინეთი უკრაინას თავდაცვის ტექნიკის მორიგ პაკეტს მიაწვდის. გადაწყვეტილება რესპუბლიკის პრეზიდენტმა მთავრობის წინადადებით 23 თებერვალს მიიღო. 

მეცამეტე სამხედრო დახმარების ფარგლებში, ფინეთი უკრაინას Leopard 2-ის ტიპის სამ ტანკს გადასცემს. 

"24 თებერვალს რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება და უკრაინას თავდაცვაში მხარდაჭერა კვლავ სჭირდება. ჩვენ გავგზავნით მეტ თავდაცვის ტექნიკას". - თქვა თავდაცვის მინისტრმა, მიკო სავოლამ.

ფინეთის მიერ აქამდე წარმოდგენილი თავდაცვითი იარაღის ერთობლივი ღირებულება, დაახლოებით, 750 მილიონი ევროა.

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ იანვარში თქვა, რომ ფინეთი საბრძოლო ტანკების ევროპულ შემოწირულებაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა დასძინა, რომ ფინეთის წვლილი მოკრძალებული იქნება.

"ფინეთის წილი ტანკებში, რომელიც უკრაინას უნდა გადასცეს, ვერ იქნება დიდად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს აღმოსავლეთის გრძელი საზღვარი, რომელიც უნდა დავიცვათ - ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ნატოს წევრები და არ შეგვიძლია, საკუთარ უსაფრთხოების საკითხზე კომპრომისზე წასვლა". - თქვა სავოლამ.

კომენტარები