რუსი ჟურნალისტები

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ჟურნალისტებს წევრობა შეუჩერა

22 თებერვალს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ), გლობალურმა ორგანომ, რომელიც მთელს მსოფლიოში 600 000 მედიის წარმომადგენელს აერთიანებს, გამოაცხადა, რომ მან რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის (RUJ) ორგანიზაციის მუშაობა შეაჩერა.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ეს გადწყვეტილება გამოცხადდა მას შემდეგ, რაც RUJ-იმ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გაეფართოებინა მუშაობა. IFJ-ის თქმით, ეს ნაბიჯი ორგანიზაციის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

"ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია არის ორგანიზაცია, რომელიც აგებულია საერთაშორისო სოლიდარობაზე, წევრ გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის პრინციპებსა და ყველა ჟურნალისტის უფლებების პატივისცემაზე [...] რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ქმედებებმა აშკარად დაარღვია ეს სოლიდარობა და დათესა განხეთქილება დაახლოებულ კავშირებს შორის."- თქვა IFJ-ის პრეზიდენტმა, დომინიკ პარადალიმ.

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი საერთაშორისო ფედერაციაში 1995 წლიდან შედიოდა.

ამასთან, IFJ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ  მყოფი რუსი დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხარდასაჭერ გზებს ეძებს.

IFJ-ის განცხადება მოჰყვა ფინეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის ჟურნალისტთა გაერთიანებების მიერ გლობალური ორგანიზაციის დატოვებას. ისინი ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას RUJ-ის ქმედებებთან დაკავშირებით უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.

კომენტარები