სასურსათო სექტორი

ღარიბაშვილი: იმპორტიორებისთვის ფასები, ხოლო რითეილისთვის განსაზღვრული წესები დადგინდება

რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სურსათის ფასების დასარეგულირებლად იმპორტიორებისთვის ფასები და მარჟები, ხოლო რითეილისთვის განსაზღვრული წესები დადგინდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოში საცალო ვაჭრობის დარგის წესები ევროპაში აპრობირებული არ არის, ამიტომ ეკონომიკის სამინისტრო ღარიბაშვილის დავალებით საცალო ვაჭრობის წესების დასარეგულირებლად სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტს მოამზადებს.

"სურათი, რომელიც გამოიკვეთა არის ამგვარი - იმპორტიორების ფასნამატი არის ზოგ შემთხვევაში 100%-ით გაზრდილი, ეს მიუღებელია და საკითხი უნდა დარეგულირდეს.

[...] აქედან 70-80% მათი [იმპორტიორების] მოგება არ არის, არამედ დამოკიდებულია დიდი ქსელების, რითეილების წესებთან. ეს წესები არ არის ევროპაში აპრობირებული, მთელს დასავლურ სამყაროში დარეგულირებულია, ამიტომ, ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება დირექტივას, რომელიც ეხება კანონს სამართლიანი ვაჭრობის შესახებ" - ამბობს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, ევროპული პრაქტიკის გადმოტანით სამართლიანი წესები დადგინდება და იმპორტიორებს განსაზღვრული მარჟები, ხოლო საცალო ვაჭრობის დარგს განსაზღვრული წესები ექნება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს პროდუქტი, ვინაიდან ეს ჩვენს მოსახლეობაზე აისახება. გასული თვის ინფლაცია იყო 9,4%, აქედან 6,1% არის სურსათის ფასები, როგორც კი დარეგულირდება ფასების საკითხები, ინფლაცია ჩამოვა იმ ნიშნულზე, როგორც გვაქვს განსაზღვრული - დაახლოებით 5% ამ წლის განმავლობაში. და საბოლოოდ, ეს სიკეთე აისახება მოსახლეობის ჯიბეზე." - ამბობს პრემიერმინისტრი.

ღარიბაშვილის თქმით, სურსათის ფასების შესახებ კანონპროექტმა არ უნდა გააჩინოს განცდა, რომ მთავრობა ეკონომიკის საქმიანობაში უხეშად ერევა. მისი თქმით, როგორც წამლების ფასების რეგულირება - რეფერენტული ფასების დაწესება, სურსათის ფასების შეზღუდვაც ევროპული პრაქტიკაა.

კომენტარები