უცხო ქვეყანაში უკანონო მიგრაცია

პოლიციამ ქართველების აშშ-ს საზღვართან გაგზავნის ორგანიზებისთვის 3 პირი დააკავა

ამერიკელი მესაზღვრეები აშშ-მექსიკის საზღვართან მიგრანტების საბუთებს ამოწმებენ
Étienne Laurent/EPA

პოლიციამ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნისა და ორგანიზების გაწევის ბრალდებით 3 პირი დააკავა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო მოქმედებებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალური გამოძიების სამსახურთან თანამშრომლობდნენ.

ბრალდებულები ქალაქ თბილისსა და ქუთაისში დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 6 წლით აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 1984 წელს დაბადებულ ნ.ვ.-ს შექმნილი ჰქონდა ტურისტული კომპანია, რომელიც აშშ-ში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გამგზავრებასა და მათ იქ დარჩენას აორგანიზებდა. ამავე კომპანიის თანამშრომლები იყვნენ 1991 წელს დაბადებული ნ.დ. და 1990 წელს დაბადებული ნ.ბ.

"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მსურველ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შესაბამის დოკუმენტაციას უმზადებდნენ, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის გავლით ახდენდნენ მათ ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ გადადიოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და ორგანიზებას გულისხმობს.

"საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულების სამუშაო ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ფულადი თანხა, დოკუმენტები, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები