რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუტე: გერმანიასთან და დანიასთან ერთად, ჩვენ უკრაინას 100 Leopard-1-ის ტიპის ტანკს მივაწვდით

ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტე

ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს თქმით, ნიდერლანდები, გერმანიასთან და დანიასთან ერთად უკრაინისთვის 100 გერმანული წარმოების Leopard-1 ტიპის ტანკების მიწოდებას გეგმავს. ამის შესახებ რუტემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეკონფერენციაზე ისაუბრა.

"გერმანიასთან და დანიასთან ერთად, ჩვენ უკრაინას 100 Leopard-1-ის ტიპის ტანკს მივაწვდით, აშშ-სთან და გერმანიასთან ერთად კი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადავცემთ". - თქვა რუტემ.

მარკ რუტეს არ დაუკონკრეტებია, როდის მიიღებს უკრაინა ტანკებს, თუმცა, მისი თქმით, ტანკები უკრანას საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანისთანავე გადაეცემა.

"გვსურს რაც შეიძლება მალე მოხერხდეს, მაგრამ ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. გვესმის მთავარი პრინციპი: სჯობს დღეს, ვიდრე ხვალ. თუმცა, საჭიროა ყველაფერი მზადყოფნაში იყოს". - თქვა რუტემ.

ამასთან, ნიდერლანდების პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინამ ომი აუცილებლად უნდა მოიგოს.

"რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ წარმოებული საშინელი ძალადობის წინააღმდეგ თავდაცვა შეძლოს. თქვენ [უკრაინელებმა] უნდა მოიგოთ". - თქვა რუტემ.

კომენტარები