NATO-თურქეთი

სტოლტენბერგი ჩავუშოღლუს: თქვენი გაჭირვების დროს NATO თურქეთის გვერდით დგას

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა და თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო მიუსამძიმრა.

სტოლტენბერგის თქმით, NATO უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის დროებითი თავშესაფრების მოწყობაში მონაწილეობს და ალიანსი მოკავშირეებთან ერთად თურქეთის მხარდაჭერას განაგრძობს.

იენს სტოლტენბერგის შეფასებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრა NATO-ს დაფუძნებიდან ალიანსის ტერიტორიაზე მომხდარი ყველაზე მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფაა.

"თქვენი გაჭირვების დროს NATO თურქეთის გვერდით დგას. მიწისძვრის მომდევნო დღეს, ალიანსის კატასტროფებზე რეაგირების ცენტრმა NATO-ს ყველა მოკავშირეს და პარტნიორს დახმარების დაუყოვნებლივი თხოვნით მიმართა. ამის შემდეგ საგანგებო სამსახურის ათასობით თანამშრომელი გაემგზავრა თურქეთში, მათ შორის სამძებრო-სამაშველო რაზმები, მეხანძრეები, მედპერსონალი და სეისმოლოგები. ალიანსი მხარდაჭერას განაგრძობს. ნიდერლანდების, ნორვეგიის, გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ის ავიაცია დღე და ღამე მუშაობს თურქეთში საერთაშორისო დახმარების ტრანსპორტირებისთვის და დაშავებულების ევაკუაციისთვის. სხვა მოკავშირეები, ალბანეთი, კანადა და გერმანია აწვდიან ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას. ეს არის ნამდვილი და ღრმა სოლიდარობა. მივესალმები ფინეთსა და შვედეთს, რომლემბაც საკუთარი ქმედებებით აჩვენეს სოლიდარობა. განსაკუთრებული მადლობა შვედეთს, რომელიც მარტში საერთაშორისო დონორთა კონფერენციას უმასპინძლებს, რომლის მიზანიც რეკონსტრუქცია და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა იქნება. სწორედ ამიტომ NATO ახლა მუშაობს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დროებითი თავშესაფრების მოწყობაზე". - თქვა სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, ორმხრივ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა ჩავუშოღლუს კვლავ მოუწოდა შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადის მაქსიმალურად მოკლე ვადაში რატიფიცირებისკენ.

კომენტარები