მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქეთში გასაგზავნი თვითმფრინავი ერევნის აეროდრომიდან ასაფრენად ემზადება – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა. სომხეთის პრემიერმინისტრმა თურქეთს მხარდაჭერა და მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს სამძიმარი გამოუცხადა.

სომხეთის პრემიერმინისტრის ოფისის ცნობით, ფაშინიანმა დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა და აღნიშნა, რომ თვითმფრინავი, რომელიც სომხეთის სამაშველო ძალებს სტიქიის ზონაში გადაჰყავთ, ერევნის ზვარტნოცის აეროპორტიდან ასაფრენად ემზადება. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერმინისტრს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ თურქეთის მთავრობისთვის ერევნის მხარდაჭერა დასაფასებელთან ერთად, განსაკუთრებით "მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის დიალოგის გაღრმავების კონტექსტში".

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ორ ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 7 000-ს გადააჭარბა. მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები".

თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში პირველი მიწისძვრის შემდეგ მინიმუმ 5 434 ადამიანი დაიღუპა და 31 700-ზე მეტი დაშავდა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში დაღუპულთა რიცხვი 1 800-ს აჭარბებს. 

ამჟამინდელი მონაცემებით, ორივე ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად 35 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

მაშველები ორივე ქვეყანაში ასობით შენობის ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის ვარაუდი თუ რამდენად გაიზრდება დაღუპულთა რაოდენობა.

კომენტარები