თურქეთი

თურქეთში ისკენდერუნის პორტში ხანძარია

თურქეთის ისკენდერუნის პორტში ძლიერი ხანძარია. BBC-ის ცნობით, ხანძრის გამო, მიწისძვრის სტიქიის ზონისკენ მიმავალი გემები სხვა პორტებისკენ გადაამისამართეს

ისკენდერუნის პორტი, რომელიც გაზიანტეპის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 112 კმ-ში მდებარეობს, როგორც ირკვევა, გუშინდელიდან იწვის. BBC კორესპოდენტზე დაყრდნობით წერს, რომ მიწისძვრების შემდეგ, გემებიდან კონტეინერები ჩამოიშალა და პორტზე ხანძარი გაჩნდა.

უმსხვილესი გადამზიდავი ფირმა AP Moller Maersk-ის განცხადებაში წერია, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აღდგება პორტში მოძრაობა. გარდა ამისა, რეგიონში დაზიანებულია გზები და აეროპორტები, რაც ქვეყანაში დამატებით ლოგისტიკურ პრობლემებს ქმნის.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ორ ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 5 000-ს გადააჭარბა. მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 

მაშველები ორივე ქვეყანაში ასობით შენობის ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის ვარაუდი თუ რამდენად გაიზრდება დაღუპულთა რაოდენობა.

კომენტარები