მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

“თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის  ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის - ო.ც. გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა.

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან”. - აცხადებს უწყება.

მანამდე, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ-ს დაღუპვის შესახებ.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ორ ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 2 300-ს გადააჭარბა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები".

თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში პირველი მიწისძვრის შემდეგ დაახლოებით 1 500 ადამიანი დაიღუპა და 5 300-ზე მეტი დაშავდა. სირიის ხელისუფლება კი, 810 დაღუპულის და 2 000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იტყობინება.

მაშველები ორივე ქვეყანაში ასობით შენობის ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის ვარაუდი თუ რამდენად გაიზრდება დაღუპულთა რაოდენობა.

კომენტარები