რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ ოდესაში უკრაინა ყველა მძლავრ გენერატორს აგზავნის

უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა შესაბამის სამსახურებს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ ოდესაში მძლავრი გენერატორების გაგზავნა დაავალა. მისი თქმით, ყველა ის გენერატორი, რომელიც ამ ეტაპზე ენერგეტიკის სამინისტროს აქვს, ერთ დღეში ოდესაში უნდა ჩაიტანონ.

"მე ასევე მივეცი საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალება, მიმართოს თურქეთს დამატებითი მხარდაჭერისთვის ელექტროენერგიის სახით". - დაწერა უკრაინის პრემიერმინისტრმა Telegram-ზე.

ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის, უკრენერგოს ქვესადგურზე 4 თებერვლის დილას მომხდარი ავარიის გამო ოდესაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია. შმიგალის ცნობით, აღნიშნული ქვესადგური რუსეთის შეტევების შედეგად არაერთხელ დაზიანდა.

პრემიერმინისტრმა ასევე დაწერა, რომ ენერგიით პირველ რიგში ის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსები იქნება უზრუნველყოფილი, სადაც სითბოს მიწოდება ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული.

კომენტარები