საქართველო-რუსეთი

ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს პრეზიდენტს და "მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს".

"ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად, რომელიც, მადლობა ღმერთს, არ ადგენს ქვეყნის განვითარების კურსს და უფრო ცერემონიალურ ფუნქციას ასრულებს, არსებობს მთავრობა. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ამ მთავრობის კომპრომიტირება მსურს პოზიტიური სიტყვებით იმის შესახებ, რასაც [მთავრობა] აკეთებს, მაგრამ, უბრალოდ, მოვახდენ საქართველოს პრემიერმინისტრის და სხვა მინისტრების ციტირებას, რომლებიც სანქციებთან მიერთებისა და მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნით უპრეცედენტო ზეწოლას ასე პასუხობენ: მოგეხსენებათ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს". - თქვა ლავროვმა.

გარდა ამისა, ლავროვმა ისიც გაიხსენა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მასთან ერთად მუშაობდა შეთანხმებაზე, რომელიც ორი რუსული ბაზის საქართველოდან გაყვანას ითვალისწინებდა.

კომენტარები